ირაკლი ღარიბაშვილი „ხალხის ძალაზე“: როგორ შეიძლება დეპუტატებს ვიღაცამ თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება შეუზღუდოს
როგორ შეიძლება დეპუტატებს ვიღაცამ თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება შეუზღუდოს. მე მინდა ყველას წარმატება ვუსურვო, ჩვენ არავის საქმეში არ ვერევით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ხალხის ძალასთან“ დაკავშირებით პარლამენტში განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.
მისივე განმარტებით, „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ პოზიციები გამიჯნულია, თუმცა ისინი უმრავლესობაში რჩებიან, რადგან მმართველმა გუნდმა პარლამენტში უმრავლესობა არ დაკარგოს.
„ამ ადამიანებმა, ძვირფასმა დეპუტატებმა გადაწყვიტეს, რომ შექმნან ცალკე დამოუკიდებელი მოძრაობა და პარტიაც, ალბათ. ეს მათი არჩევანია. ჩვენ ამაზე არაერთხელ ვთქვით, რომ ჩვენი პოზიციები არის გამიჯნული, გაყოფილი, ჩვენ გვაქვს მთელი რიგი განსხვავებები, მაგრამ ისინი უმრავლესობაში რჩებიან. უმრავლესობაში რომ არ დარჩნენ, „ქართული ოცნება“ უმრავლესობას დაკარგავს და ჩვენ რეალურად პრობლემები გვექნება, რომ კანონები მივიღოთ.
მეორე – ჩვენი 1-ელი ოქტომბრის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი კონსტიტუციური უფლების – სიტყვის, თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება. ეს უფლება ჩვენს მოსახლეობას დაუბრუნდა, მითუმეტეს, რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება დეპუტატებს ვიღაცამ ეს კონსტიტუციური უფლება შეუზღუდოს. ეს მათი არჩევანია. მე მინდა ყველას წარმატება ვუსურვო. ჩვენ არავის საქმეში არ ვერევით. არც ერთი სხვა მოძრაობის საქმიანობაში არ ვერევით და მე ამაზე დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა....